როგორია ბიზნესმენის ფსიქოლოგია და რით გამოირჩევა ის დანარჩენებისაგან

ბიზნესმენის შინაგანი სამყაროს წყობა და დამახასიათებელი თვისებები

ამბობენ, რომ წარმატებული ბიზნესმენის ფსიქიკა განსხვავებულადაა მოწყობილი და ასე, რომ არ იყოს ისიც სხვების ფონზე ჩაიკარგებოდა და წარმატებას ვერასოდეს მიაღწევდაო. საინტერესოა რამდენად მართებულია ეს წარმოდგენა?

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიის ნებისმიერი განშტოება მაინც ფსიქოლოგიას განეკუთვნება და საერთოდ ზოგადფსიქოლოგიური კანონები ბიზნესფსიქოლოგიაშიც ზუსტად იგივენაირად მოქმედებს. თუმცა ამასთან ბიზნესმენის ფსიქოლოგიას გარკვეული სპეციფიკა ახასიათებს. ზოგადად ბიზნესი, მეწარმეობა — არამარტო ფსიქოლოგიური, არამედ ეკონონომიკური, კულტურული, იურიდიული და ეთიკური გაგებაცაა. ბიზნესმენისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ცოდნა, ასევე ანალიზის უნარი, ინტუიცია და სხვა.

რაღაც გაგებით ბიზნესმენი ყველა ადამიანშია, უბრალოდ ბიზნესმენი ბედავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და იდეების რეალიზაციას. ადამიანი, რომელიც ბიზნეს ეწევა და ახდენს საქმის ორგანიზებას, ხშირად სხვადასხვა პრობლემებს აწყდება, ამ შემთხვევაში მისგან მოითხოვება გარკვეული საქმიანი თვისებები. მუდმივი და ხშირად არცთუ კორექტული, მკაცრი კონკურენციის პირობებში საჭირო ხდება მუდმივად ფიქრი გამოსავალზე, სარგებელზე და საკუთარ ინტერესებზე. იმისათვის, რომ თანამედროვე ბიზნესში იყო წარმატებული სამწუხაროდ, საჭიროა გარკვეული მტაცებლური ინსტიქტები და არცთუ ბოლომდე გულწრფელობა, რადგანაც ბიზნესში ზეპატიოსნება ის თვისებაა, რომელიც თქვენს არაპატიოსანი კონკურენტების წისქვილზე ასხამს წყალს. მაგალითად, თქვენ გამყიდველი ხართ და პატიოსნად ეუბნებით მყიდველს, რომ პომიდორები, რომელსაც თქვენ ყიდით თურქულია და ნიტრატებს შეიცავს, ხოლო ორი რიგით გვერდით დგას თქვენი კონკურენტი, რომელიც იგივენაირ პომიდორებზე მყიდველს ეუბნება, რომ ისინი ქართულია და სრულიად ნატურალური. ვისგან იყიდიან — გასაგებია. შეკითხვა იმაში მდგომარეობს “რა უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთ ბაზარზე არ გავბანკროტდეთ?”. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, პატიოსანი ადამიანი მომენტალურად იქნება განდევნილი ამ სახის ბაზარიდან.

ამასთანავე ბიზნესი შესაძლოა იყოს ერთ ან ორ მიზნიანი. პირველი ესაა სარგებლის მიღება, ხოლო მეორე შემთხვევაში ამას ემატება “რაღაც” სასარგებლო. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში სარგებლის მიღება, როგორც წესი ესაა — გადაყიდვა, ვაჭრობა და ა.შ. ამ შემთხვევაში ბიზნესი არ ქმნის არაფერს დამატებითს ანუ არ აწარმოებს დამატებით მატერიალურ დოვლათს და გადართულია მხოლოდ საკუთარი სარგებლის მოტანაზე. ხოლო მეორე შემთხვევაში სასარგებლოს შექმნა, ესაა რაიმეს (საქონელი ან მომსახურება) წარმოება, რომელიც საჭიროა საზოგადოებისათვის. ამ დროს საზოგადოებაც მოგებაშია, რადგან გაითვალისწინება საზოგადოების ინტერესები, იქმნება დამატებითი პროდუქტი, რაც საბოლოოდ მის კეთილდღეობაზე აისახება.

პირად თვისებებზეც ბევრია დამოკიდებული, თუ არ გაქვთ მკაცრი ხასიათი, შეძლებთ კი მოთხოვოთ სხვა ადამიანს რაიმე მკაცრად, როდესაც ამის საჭიროება იქნება? ამიტომ არსებობს რეკომენდაცია არ აწარმოოთ ბიზნესი მეგობრებთან და ნათესავებთან, რადგან მათ ვერ მოსთხოვთ მთელი სიმკაცრით, ხოლო სამსახურებრივი უთანხმოებანი პირადშიც აისახება. საჭიროა საკომუნიკაციო თვისებებიც, ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე თუ რა პიროვნულ შთაბეჭდილებას ახდენთ მომხმარებელზე. მოლაპარაკებების დროს კი მნიშვნელოვანია ვიყოთ მაქსიმალურად მგრძნობიარენი საუბრის ნიუანსების მიმართ – გამომდინარე იქედან ვის ვესაუბრებით კლიენტს, დამკვეთს, პარტნიორს და ა. შ.

გუნდი,  ორგანიზაცია და პროფესიული ურთიერთობები

ასევე განვითარებისათვის და ახალი სიმაღლეების მისაღწევად აუცილებელია გუნდური მუშაობის უნარი. არიან ბიზნესმენები, რომლებმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, მთელი ცხოვრებაა მარტო მუშაობენ და სხვაგვარად არ შეუძლიათ, მაგრამ ისინი გარკვეული ზღვარის ზემოთ ვეღარასოდეს ავლენ. განვითარება, რომ გააგრძელო და ახალი “მწვერვალები” დაიპყრო საჭიროა გუნდი.

ბიზნეს ფსიქოლოგიაში დიდი ხანია აღნიშნულია საერთო საქმიანობის ანუ სინერგიის ეფექტი: ორი ადამიანი, რომელიც შეთანხმებით მუშაობს, ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე ცალცალკე გააკეთებდნენ. ამ ფენომენის ახსნა ერთი კარგი მაგალითით შეიძლება: ორი ნორმალურ ადამიანს შეუძლიათ მარტივად აიღონ ხის მორი, თუ ერთი ერთ თავში მოჰკიდებს ხელს და მეორე მეორეში. ხოლო თუ ამას შეეცდება ერთი მათზე თუნდაც ძლიერი, ან თუ ორი ბევრად ძლიერი ერთი თავიდან შეეცდება მორის აწევას, მაინც არ გამოუვა, რაც არ უნდა დრო და ენერგია დახარჯონ. სინერგიის ეფექტი ბევრად უკეთ თავს იჩენს დიდ კოლექტივში, საქმის კარგად ორგანიზების შემთხვევაში (საერთო სამუშაოს სწორად განაწილებისას). საერთო საქმიანობა გულისხმობს საერთო მიზანს, ანუ საქმიანობის სისტემურ სუბიექტს. და ასეთ სუბიექტი ატარებს სისტემურ მახასიათებლებს, რომელიც არა აქვს არცერთ ცალკე აღებულ კოლექტივში შემავალ ადამიანს, (ისევე როგორც, წყალს აქვს თვისებები, რომელიც არა აქვს ცალკე აღებულ წყალბადს და ჟანგბადს). ზუსტად აი ასეთი სისტემური “ბედი”, მეხსიერება, აზროვნება, ცნობიერება და სხვა პროცესები, რომლებიც დამახასიათებელი არ არის ადამიანისათვის, წარმოადგენენ ანტროპოცენტრიულ რედუქციონიზმს (ადამიანური თვისებების მიწერა რაიმე რთულ არსზე ან არსებაზე), რამდენადაც ჩვენ საქმე გვაქვს ორგანიზაციის ჯერ კიდევ შეუსწავლელ და ბოლომდე გაურკვეველ სისტემურ თვისებებთან.

ბიზნესის ფსიქოლოგიაში არის კიდევ ასეთი გაგება — ორგანიზაცია, როგორც «მეგამანქანა». აქ ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ კორპორატიულ ტრადიციებზე და მისიებზე, არამედ ისეთ ცნებებზე, როგორიცაა კორპორატიული აზროვნება, მახსოვრობა, ცნობიერებაც და “ბედიც” კი, ისინი ვითარდებიან ორგანიზაციის სიცოცხლის სხვადასხვა სტადიებზე და ხშირად ასახვას ჰპოვებენ მის მიერ შექმნილ პროდუქციაზე თუ მომსახურებაზე. ორგანიზაციის აღწერისას ხაზი უნდა გავუსვათ სხვა პრობლემატური და საინტერესო საკითხებსაც — სისტემა, ქსელი, გუნდი. ეს ძალიან რთული და ღრმაა სფეროებია, თუმცა ნებისმიერი წარმატებული ბიზნესისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენენ. თუ ხელმძღვანელს სურს ძლიერი ორგანიზაცია ჩამოაყალიბოს მან პირველ რიგში თანამშრომლების და მათი შესაძლებლობების შესწავლა უნდა შეძლოს, ხოლო ამის საფუძველზე ააგოს გამართული და რეალისტური ორგანიზაციული სტრუქტურა.

ადამიანის ბიზნეს საქმიანობის მის ფსიქიკაზე ასახვა და მისი ფსიქოლოგიური ფორმულირება 

საქმე იმაშია, რომ ბიზნეს ფსიქოლოგიაში ცხოვრების პროფესიონალური წესის პირად სამყაროზე გავლენის და კავშირის შესწავლა 2003 წლიდან დაიწყო. ის ამ პერიოდიდან მოყოლებული “კონსტიტუირებს” ანუ ადამიანის ფსიქიკურ კონსტიტუციას ქმნის. თუ თქვენ რაიმე საქმიანობით საკმაო პერიოდის განმავლობაში ხართ დაკავებულნი, თქვენ გამოგიმუშავდებათ პროფესიული უნარჩვევები, პროფესიული მსოფმხედველობა და პროფესიული დეფორმაციებიც. ნორმალური ადამიანი ყოველთვის მოქმედებს რამდენიმე მიმართულებით.

ამასთან ცუდია, თუ კი ადამიანი ვერ ამჩნევს ვერაფერს თავისი პროფესიული საქმიანობის გარდა. საქმეში ჩართულ მეწარმეებს ეს ხშირად ემართებათ — ისინი იწყებენ თანამშრომლების აღქმას არა როგორც ხალხის, არამედ როგორც ფუნქციების. თანამშრომლები ამას გრძნობენ და პასუხობენ იგივენაირად (ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას). ასე კოლექტივების ნახევარში ხდება. და თუ რომელიმე თანამშრომელი ცუდად ართმევს თავს თავის ვალდებულებებს უფროსი არც კი ცდილობს გაერკვეს მიზეზებში. ის პირდაპირ ცვლის მას სხვა თანამშრომლით, მაგრამ მასთანაც ასევე მალე დაიწყება პრობლემები, რამდენადაც საბოლოო ჯამში ისიც ადამიანად აღმოჩნდება და არა ფუნქციათ.

«ქმედება უდრის უკუქმედებას» — არა მხოლოდ ნიუტონის მესამე კანონი, არამედ ყველა ურთიერთქმედების უნივერსალური კანონია, ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ ჰერმეს ტრისმეგისტომის მიერ. უბრალოდ ჩვენ ყოველთვის ვერ ვხედავთ ურთიერთქმედების სრულ ჯაჭვს. არის შემთხვევები, როდესაც მენეჯერი, უყურებს რა თანამშრომლის მხრიდან “პასიურ”, “დაკიდებულ” ან “აგრესიულ” დამოკიდებულებას, თავად მიმართვას ფსიქოლოგიურ ხერხებს, ან მას ვისაც ასეთი ხერხის გამოყენება შეუძლია, ამ შემთხვევაში შედეგი შესაძლოა მიღწეულ იქნას ძალიან მარტივად და ეფექტურად: სახის და ადამიანური თვისებების დაუკარგავად.

დღეს მიმდინარეობს სხვადასხვა პროფესიის ხალხის ცხოვრებისეული და პროფესიონალური სპეციფიკის კვლევები, თუმცა უკვე დანამდვილებით შესაძლოა ითქვას მათ გარკვეულ თავისებურებებზე.

სემანტიკა — ეს არის სწავლება მნიშვნელობასა და აზრების შესახებ, ხოლო ფსიქოსემანტიკა კი — ეს მნიშვნელობების და აზრების ფსიქოლოგიური შემადგენელია. სემანტიკური ფენა აქ ერთადერთი არაა. გავრცელებულ მოდელში არსებობს სემანტიკური, ბირთვული და პერცეპტიული ფენაც. ბირთვული ფენა ყველაზე ღრმა და ყველაზე ნაკლებად ცვლადია, ეს ისაა, რაც ჩვენში იწყებს ფორმირებას ადრეული ბავშვობის ასაკიდან აღზრდის, განათლების, გამოცდილების გავლენით და მოიცავს საკუთარ თავში ფასეულობებს, აზრებს და მოტივებს. ლიტერატურაში მას ასევე ქვია — მიზანმოტივირებული კომპლექსი. შემდეგ მოდის საკმაოდ მოძრავი სემანტიკური ფენა, რომელიც ბირთვულის გავლენის ქვეშაა, რადგან ჩვენი გამოცდილება და ფასეულობები გავლენას ახდენენ იმაზე, თუ რა მნიშვნელობას და აზრებს ვანიჭებთ სიტუაციებს თუ საგნებს. გარეგანი ფენა — პერცეპტიული ეს აღქმადი სამყაროა. ადამიანი მით განირჩევა ცხოველისაგან, რომ ის აზრობრივად აღიქვამს მის გაეშემო არსებულ სამყაროს. თუ ცხოველისთვის კონკრეტული სიტუაცია წარმოადგენს მთელ სამყაროს, ადამიანისთვის სიტუაციას აქვს აზრობრივი, დროითი პერსპექტივა.

ბირთველი ფენა იცვლება მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში, პროფესიონალური საქმიანობა მასზე გავლენას ვერ ახდენს, განსხვავებით პერცეპტიული ფენისაგან. სხვადასხვა პროფესიების (მასწავლებლები, ეკონომისტები, ექიმები, გეოლოგები, სამხედროები) მიხედვით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფსიქოლოგია განსხვავდება არა ბირთვში, არამედ გარე ფენებში — სემანტიკაში და აღქმაში. ამიტომ, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ბიზნესმენის ფსიქოლოგია განსხვავდება სხვა პროფესიებისაგან ამ ფენებში, ხოლო ბირთვული ფენა არავითარი სპეციფიკის მატარებელი არ არის.ასე, რომ რაღაც გაგებით ყველა ადამიანი ბიზნესმენია, უბრალოდ ბიზნესმენი დგამს კონკრეტული ნაბიჯებს ბაზარზე.

ამასთან გაითვალისწინეთ, თუ მიზნად ისახავთ საზოგადოების პატივისცემას და სოციალურ აღიარებას, თვითრეალიზაციას, ბიზნესი ამისათვის საუკეთესო არჩევანი არაა, ეს უკეთესია გააკეთო ხელოვნებაში, თუ გაქვთ რაიმე ნიჭი რათქმა უნდა.

ავტორი: ფინანსისტი, ამირან კილაძე

დაგვიკავშირდით

ნებისმიერ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე