ანალიტიკური დასკვნის მიზანია გააანალიზოს და მოაგვაროს ორგანიზაციის წინაშე მდგარი პრობლემა. როგორც რეპორტის სპეციფიური სახეობა, ანალიტიკური დასკვნა საინფორმაციო ანგარიშისა და გამოსავლის ძიების ჰიბრიდს წარმოადგენს. ამასთან ანალიტიკური ანგარიშების მიზნები არ შემოიფარგლება მხოლოდ პრობლემის იდენტიფიკაციითა და ანალიზით, ის შეიცავს პრობლემის მოგვარების და პრევენციის, თავიდან აცილების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს. მიუხედავად მისი შინაარსობრივი სირთულისა, ანალიტიკური დასკვნა უნდა იყოს წასაკითხად და აღსაქმელად მარტივი, ასევე ნათლად და გასაგებად უნდა იყოს წარმოდგენილი პრობლემის მოგვარების გზები. ანალიტიკური დასკვნა თავისი შინაარსით მოცულობითი და კრიტიკულია.

ანალიტიკური რეპორტინგის პოტენციური მომხმარებლების რიცხვი ფაქტიურად შეუზღუდავია, რადგან ის ნებისმიერ პრობლემატურ სიტუაციაში გამოიყენება, და ასევე ნებისმიერი დაწესებულება შესაძლოა დადგეს მისი გამოყენების საჭიროების წინაშე. ანალიტიკური რეპორტინგი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ სიტუაციებში, როდესაც პრობლემის მოგვარების წინარე მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.

 

ანალიტიკური დასკვნა შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:

პრობლემის იდენტიფიცირება

ანალიტიკური დასკვნის მომზადება იწყება იმით, რომ ხდება პრობლემის იდენტიფიცირება და იმის დადგენა თუ რაზე ახდენს ის გავლენას. პრობლემის აღწერის პროცესში, რეპორტი მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ თუ სად იღებს პრობლემა სათავეს, რა არის მისი გამომწვევი მიზეზები, რა შედეგებს მოიტანს ის მომავალში, რა მეთოდები იქნა გამოყენებული წარსულში მის აღმოსაფხვრელად და რა შედეგი გამოიღეს მათ.

მაგალითი კომპანიის პრაქტიკიდან, კომპანიამ მოითხოვა ანალიტიკური ანგარიში ერთერთი განყოფილების თანამშრომელთა შრომისნაყოფიერების მკვეთრი კლების შესახებ. რეპორტი წარმოაჩენდა, რომ ეს პრობლემა გავლენას ახდენდა დავალებების შესრულების დროულობაზე, კომპანიის შემოსავლებსა და იმიჯზე, ამასთან კომპანიას წარსულში გამოყენებული ჰქონდა წარმატებული თანამშრომლებისათვის ბონუსური წახალისების სისტემა, თუმცაღა ხელმძღვანელობის გასაოცრად ამან შედეგი არ გამოიღო. ანალიტიკური დასკვნა მოიცავდა პრობლემის არსის და რეალური წარმოშობის მიზეზის აღწერას, იმის დასაბუთებას, თუ რატომ არ იმუშავა მის აღმოსაფხვრელად გამოყენებულმა მეთოდებმა, ხოლო დასკვნით ნაწილში მოცემული იყო სრულყოფილი რეკომენდაციები წარმოქმნილი პრობლემის გამოსასწორებლად.

 

შეფასების მეთოდები

პრობლემის არსის და მის აღმოსაფვრელად უკვე გამოყენებული უსარგებლო მცდელობების აღწერის შემდეგ, ანალიტიკური დასკვნა განიხილავს მისი ავტორის მიერ შემოთავაზებულ პრობლემის შეფასების ალტერნატიულ მეთოდებს. ამასთან მნიშვნელოვანია მხედველობიდან არ იქნას გამორჩენილი არცერთი რაოდენობრივი თუ ხარისხობრივი მახასიათებელი, რომელიც გავლენას ახდენს წამოჭრილი პრობლემის მიმდინარეობაზე. შეფასების მეთოდზეა დამოკიდებული რამდენად ადეკვატურად აღიქვამს და აფასებს კომპანია მის წინაშე წარმოქმნილ პრობლემას.

მაგალითი კომპანიის პრაქტიკიდან, ერთერთი კომპანია აღმოჩნდა გაყიდვების მკვეთრი დაცემის პრობლემის წინაშე. კომპანიის მენეჯმენტმა შეცდომით გადაწყვიტა, რომ ეს გამოწვეული იყო სეზონურობით და დროებითი მოვლენა იყო. არანაირი ძირეული ქმედებები არ განხორციელებულა პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად, ვინაიდან პრობლემა თავიდანვე არასწორად იქნა შეფასებული. შესაბამისად გამოტანილ იქნა არასწორი დასკვნები და მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები.

 

ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება

კვლევის პროცესის სწორი მიმართულებით წარმართვისათვის მნიშვნელოვანია შეგროვდეს საკმარისი და საიმედო ინფორმაცია, რათა გაანალიზებულ იქნას პრობლემის ყველა ასპექტი, მისი გადაჭრის გზების დადებითი და უარყოფითი მხარეები, კონტრარგუმენტები და შესაძლო შეთავაზებები. ამ ყოველივეს მისაღწევად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა მეთოდები: კვლევები, გამოკითხვა, თანამშრომლებთან ან მომხმარებლებთან გასაუბრება, სხვადასხვა სახის გამოთვლები და მოდელირებები.

ინფორმაციის შეგროვების შემდეგ იწყება მისი დამუშავება, რაც გულისხმობს მის შეფასებას, შერჩევას, წყაროს საიმედოობის დადგენას. ეს ყოველივე მნიშვნელოვანია რეალური სურათის, სიტუაციის მონახაზის შესაქმნელად და სწორი დასკვნების გამოსატანად. ინფორმაცია ჯგუფდება ქრონოლოგიის, კატეგორიების, მნიშვნელობის, საიმედოობის და ვადიანობის მიხედვით.

ანალიტიკურ დასკვნაში ავტორის მიერ გამოყენებული მეთოდებით თავმოყრილი ინფორმაცია წარმოადგენს პრობლემის ზედმიწევნით დეტალურ და ზუსტ აღწერას. ვინაიდან ანალიტიკური დასკვნა ეხება პრობლემას, მის გადაწყვეტის წინადადებებს და ალტერნატიულ გზებს, ანალიტიკური დასკვნა ფოკუსირდება ამ წინადადებების და გზების ძლიერ და სუსტ მხარეებზე.

მაგალითი კომპანიის პრაქტიკიდან, ანალიტიკური რეპორტი, რომელიც ეხებოდა ერთერთი ფირმის წარუმატებელ სარეკლამო კამპანიას, აღწერდა წარსულში გამოყენებული, კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების და დამუშავების მეთოდებს როგორც მცდარს, ვინაიდან ინფორმაცია გროვდებოდა არა სამიზნე აუდიტორიიდან.  ამ შემთხვევაში, გამოყენებული კვლევის მეთოდი რეალურად იკვლევდა არასამიზნე მოსახლეობის განწყობას ზოგადი და არა კონკრეტული პრობლემის მიმართ, რაც შესაბამისად არ იძლეოდა სწორი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას.

 

რეკომენდაციების შემუშავება

საბოლოო ჯამში ნებისმიერი ანალიტიკური ანგარიშის მიზანია დასკვენების გამოტანა პრობლემის გადაწყვეტის გზების რეკომენდაციების შემუშავება. ანალიტიკური რეპორტების უმეტესობა ფოკუსირდება სამ ძირითად ელემენტზე: დასკვნა, არგუმენტირებული ლოგიკა და რეკომენდაციები. ისინი მოცემულია რეპორტის დასკვნით ნაწილში და აღწერენ პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტურ და სასურველ გზებს. აქ შესაძლოა განხილულ იქნას პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ტაქტიკა და სტრატეგია. თითოეულის შემთხვევაში მოცემული იქნება განხორციელების გზები, ძლიერი და სუსტი მხარეები, რისკები, საბოლოო შედეგები და შესაძლო ეფექტები.

მაგალითი, კომპანიის მცდელობისას თავისის თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული ვალდებელებების შესრულების ვადების გაკონტროლებისათვის, შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მეთოდები, კერძოდ, ვადების კონტროლის პროგრამული უზრუნველყოფის, ფულადი წახალისების, დისციპლინარული სასჯელის, ფულადი ჯარიმის და სხვა. ყველა შესაძლო მეთოდის მიზანია ვადების დაცვის პრობლემის გადაწყვეტა, ხოლო მათი შედარებითი ანალიზის საფუძველზე აირჩევა ის მეთოდი ან მეთოდების კომბინაცია, რომელიც ყველაზე კარგად ერგება კომპანიის და პრობლემის მოგვარების ინტერესებს.

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე